>@Dusan Ondrejicka/EIB

  • 250 იო ევროს ოდენობის სესხი გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში უშუალოდ განლაგებული გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და უსაფრთხოებისთვის, მაგალითად როგორიცაა  აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი საქართველოში;
  • საქართველოში სატრანსპორტო დაკავშირების პროექტებში ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩართულობა 1 მილიარდ ევროს აღწევს;
  • მოსალოდნელი სარგებელი მოიცავს საერთაშორისო დაკავშირების გაუმჯობესებას, რეგიონალურ ინტეგრაციას, ადგილობრივ მობილობასა და ახალ სამუშაო ადგილებს
  • ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში 6.1 იო ევროს ოდენობის ტექნიკური დახმარების გრანტი, ორი ექსპერტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) დაფინანსებით

ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების წყალობით საქართველო უკეთესად იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან და ქვეყნის შიგნით უსაფრთხო მოგზაურობის პირობებით ისარგებლებს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებმა დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლების ფართომასშტაბიან პროგრამას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე ძირითად სამუშაოებს მოიცავს.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა სესხის სახით უნდა გამოყოს 250 მლნ ევრო საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაფართოებული განახლებისთვის, რომელიც საქართველოში დიდ მანძილზე გადასაადგილებელი საგზაო მოძრაობის  ძირითად არტერიას და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ინფრასტრუქტურის უშუალო ნაწილს წარმოადგენს. ეს მოიცავს 100 კმ საერთო სიგრძის საგზაო მონაკვეთებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტების ნაწილია. განხორციელების შემდეგ პროექტი მრავალ სარგებელს მოიტანს. იგი გააუმჯობესებს საქართველოს გლობალურ კავშირს ევროპასთან, საგზაო უსაფრთხოებისა და სამოგზაურო პირობების ხარისხის გაზრდის უზრუნველყოფის, სამგზავრო დროის შემცირებისა და ავტომობილის საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯების შემცირების გზით; ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ადგილობრივ მობილობას და სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელმისაწვდომობას. დასაქმების თვალსაზრისით, სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას პროგრამა სავარაუდოდ  წელიწადში დაახლოებით 23 000 ადამიანს დაასაქმებს.  

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხს სრულად ფარავს ევროკავშირის ყოვლისმომცველი გარანტია და ევროკავშირის ბანკის მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი საერთო სესხი 750 მილიონ ევროს შეადგენს. 500 მლნ ევროს ოდენობის წინა სესხს, რომელიც ორ თანაბარ ტრანშად იყო გაყოფილი, ხელი 2016 წლის დეკემბერში და 2017 წლის ივნისში მოეწერა. პირველი ოპერაციის ფარგლებში ევროკავშირის ბანკმა 39 კმ-მდე საერთო სიგრძის გზის მონაკვეთების ახალი მშენებლობა და რეაბილიტაცია დააფინანსა. კერძოდ, ეს იყო შემდეგი სექციები: გრიგოლეთი -ქობულეთის შემოვლითი გზა (დაახლოებით 14.2 კმ), უბისა - შორაპანის F3 მონაკვეთი (დაახლოებით 13 კმ) და ჩუმათელეთი - ხევის F1 მონაკვეთი (დაახლოებით 11.6 კმ). საერთო ჯამში, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხები საქართველოში 1 მილიარდი ევროს ღირებულების სატრანსპორტო დაკავშირების პროექტებს დააფინანსებს.

ევროკავშირის ვალდებულება ამით არ სრულდება. პროექტი ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში 6.1 მლნ ევროს ოდენობის ტექნიკური დახმარებისთვის გამოყოფილ გრანტს იღებს. ამასთან დაკავშირებით, 2018 წლის დეკემბერში ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროკომისიის სახით წარმოდგენილი ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკი საჭიროების შემთხვევაში დააფინანსებს შემდგომ კვლევებს (მათ შორის, ოპერაციების მიერ დაფინანსებული გზის მონაკვეთების სიახლოვეს მდებარე საგზაო-სატრანსპორტო ინციდენტების კონცენტრაციის მონაკვეთების მართვას) და გაუწევს მხარდაჭერას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, როგორც პროექტის განმახორციელებელ ერთეულს, პროექტების მართვის საკითხებში. ამავე დროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTAFT) დახმარებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ამ ფონდის ორი ექსპერტი პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვება. საგზაო სექტორის ექსპერტი თბილისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში იმუშავებს, ხოლო მეორე ტექნიკური დახმარების სფეროსი იქნება ჩართული.

ციტატები

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა: "ახალი სესხით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ამყარებს თავის პოზიციებს, როგორც საქართველოში ინფრასტრუქტურის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი. ჩვენ ხელს შევუწყობთ გაუმჯობესებულ მობილურობას, რაც პროდუქტიულობის ზრდის წინაპირობაა, და საგზაო უსაფრთხოებას აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრძელ მონაკვეთზე. ამით ევროკავშირის ჩართულობა ქართველ ხალხს კიდევ უფრო ხელშესახებ სარგებელს მოუტანს".

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა:

"გაუმჯობესებული გზების ქსელი, განსაკუთრებით საკვანძო, როგორიცაა საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი, გადამწყვეტია ეკონომიკური განვითარებისთვის, ხალხის კავშირებისტვის და ვაჭრობისა და ტრანზიტის ხელშეწყობისთვის როგორც საქართველოს, ასევე ფართო რეგიონის მასშტაბით. ეს პროექტი საფუძველს ჩაუყრის საქართველოში 100 კმ ახალი და უსაფრთხო გზების მშენებლობას მომავალი წლების განმავლობაში და არის ევროკავშირის ვალდებულების ნაწილი საქართველოში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობასთან დაკავშირებით".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: "ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. ის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი პარტნიორია ეს თანამშრომლობა აისახება სხვადასხვა მიმართულებებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. ბანკი ასევე აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეს ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმებით, 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ხელშეწყობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს მხარდაჭერისთვის"

ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრი: „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს გამორჩეული პარტნიორობის ისტორია. ევროპის საინვესტიციო ბანკის გავლით, ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაზე. დღეს EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების მიმართულებით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები.  დღეს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” პროექტისთვის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. აღნიშნული თანხა მიიმართება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საავტომობილო გზების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე.  იმედი გვაქვს, EIB კვლავ მტკიცედ გააგრძელებს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა“.

ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით:

ევროპის საინვესტიციო ბანკი:

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის ხდის გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებს ხელმისაწვდომს გონივრული ინვესტირებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განსახორციელებლად.

როგორც უმსხვილესი მრავალმხრივი მსესხებელი და კრედიტორი მოცულობის მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ფინანსებსა და ექსპერტიზას გონივრული და მდგრადი საინვესტიციო პროექტებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შემუშავებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ქმედებების 90% -ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, მაგრამ იგი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის საგარეო და განვითარების პოლიტიკას.

უკანასკნელი თორმეტი წლის მანძილზე ევროკავშირის ბანკმა საქართველოში 1.8 მილიარდი ევროს დაკრედიტების ვალდებულებით ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე მიმართული ინვესტიციები დააფინანსა.

ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმა (NIP)

ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმა (NIP) ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში ეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის

ტრანსპორტი, ენერგია, გარემოს დაცვა და სოციალური განვითარება, ევროკავშირის საგრანტო რესურსების კომბინირებით ევროპის საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილ სესხებთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) არის  კომპლექსური და მრავალსექტორული დაფინანსების ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში (2017 წლის აგვისტოდან), საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შესაბამისი ტექნიკური დახმარებისთვის. იგი უზრუნველყოფს ამ ქვეყნებს ცოდნითა და რესურსებით პროექტების მომზადებისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, რაც ხელს უწყობს დაფინანსების მობილიზებას ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს მაღალი დამატებითი წვლილის შეტანას, რადგან უკეთესი პროექტის მომზადება ზრდის პროექტებისთვის საბანკო დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობას და ბენეფიციარ ქვეყნებში განვითარებაზე ინვესტიციების გავლენას აუმჯობესებს.